საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, ევროპარლამენტის მრავალპარტიული დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ევროპარლამენტარები, რომლებიც კაია კალასს და მარტა კოს მიმართავენ, წერენ, რომ საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზე იმყოფება, რადგან მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს:
"დაუყოვნებლივ დაუწესოს სანქციები იმ პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც დემოკრატიული უკუსვლის, არჩევნების დარღვევებისა და მშვიდობიანი პროტესტის სასტიკი დარბევების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ;
ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღება განიხილოს აშშ-ის ადმინისტრაციასთან ერთად;
მხარდაჭერა გამოხატოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ და განიხილოს ევროკავშირის სპეციალური ელჩის დანიშვნა საქართველოს ევროპული მომავლისთვის;
დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ყველა პოლიტპატიმარი და შეწყდეს დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის ლიდერების შევიწროება.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზად მიიჩნევა ახალი არჩევნები, რომელიც გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება.
ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით". - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ხელმომწერები:
- სერგეი ლაგოდინსკი (მწვანეები/EFA), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
- რასა იუკნევიჩიენე (EPP), საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი;
- ნატალი ლუაზო (Renew), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის პირველი ვიცე-თავმჯდომარე;
- მიხალ შჩერბა (EPP), სამხრეთ კავკასიის დელეგაციის მეორე ვიცე-თავმჯდომარე;
- ტობიას კრემერი (S&D), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
- რეინიე ვან ლანშოტი (მწვანეები/EFA), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
- ბერნარ გეტა (Renew), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი.
დელეგაცია 12 დეკემბერს თბილისში იმყოფებოდა, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.