მსოფლიოს 80-მდე ჟურნალისტი და მოწინავე რედაქტორი, რომელიც პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) გლობალური და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებს.
„ჩვენ, IPI გლობალური ქსელისა და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები, მკაცრად ვგმობთ საპროტესტო აქციებზე მიზანმიმართულ და ხშირად სასტიკ თავდასხმებს ჟურნალისტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებისა და კერძო პირების მხრიდან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღის დროს.
საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ამ ბნელ დროს, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც ჟურნალისტებს, რომლებიც, წარმოუდგენლად მტრული და საშიში გარემოს მიუხედავად, აგრძელებენ საზოგადოების ინფორმირების სასიცოცხლო საქმიანობას.
მათი საქმიანობა შეუცვლელია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოების, არამედ განვითარებული მოვლენების შესახებ მსოფლიოს ინფორმირებისთვის.
ჟურნალისტები სასტიკად სცემეს, მიაყენეს სიტყვიერ შეურაცხყოფა, დაემუქრნენ და დააკავეს, ჩამოართვეს და გაუნადგურეს აღჭურვილობა. მათი მუშაობა არაერთხელ შეფერხდა. ამავდროულად, უცვლელად გაგრძელდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციის სამთავრობო ცილისწამების კამპანიები.
მედიის ადვოკატირების ადგილობრივი ორგანიზაციების ცნობით, 28 ნოემბრის შემდეგ, სულ მცირე 90-მა ჟურნალისტმა განიცადა ფიზიკური და/ან სიტყვიერ შეურაცხყოფა ან წააწყდა დაბრკოლებას, რადგან პოლიციამ ძალადობრივად დაარბია საპროტესტო აქციები. დაშავებული ჟურნალისტების უმეტესობა წარმოადგენს თბილისში დაფუძნებულ დამოუკიდებელ და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიებს.
მედიაზე ეს უპრეცედენტო თავდასხმა საქართველოში ხდება პრესის თავისუფლების სწრაფი გაუარესებისა და ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებების კიდევ შემცირების ფონზე. ბოლო რამდენიმე თვეა, მედია გარემო სულ უფრო მტრული და საშიში ხდება, რადგან იურიდიული და ინსტიტუციური ინსტრუმენტები გამოოიყენება კრიტიკული ხმების შევიწროებისა და შესამცირების მიზნით.
მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, ჩვენ შთაგონებული ვართ საქართველოს თავისუფალი მედიის სიმამაცითა და გამძლეობით.
თქვენი შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თქვენი გამბედაობა ჩვენთვის შთაგონებაა. კიდევ ერთხელ, ჩვენ სრული სოლიდარობით ვდგავართ თქვენთან”, - წერია განცხადებაში.