რაინიე ვან ლანშოტი X-ზე საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ წერს.
ევროპარლამენტარის თქმით, დელეგაციამ სალომე ზურაბიშვილთან "ოცნების" არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები განიხილეს.
„საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან კარგი შეხვედრა გვქონდა, ჩვენ განვიხილეთ „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ლიდერების არაკონსტიტუციური ქმედებები, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის სისასტიკე და ის, თუ როგორ შეუძლია ქართველ ხალხს საკუთარი მომავლის თავისუფლად გადაწყვეტა“, - წერს ევროპარლამენტარი რაინიე ვან ლანშოტი.
ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია (რასა იუკნევიჩიანე, ლიეტუვა, ევროპის სახალხო პარტია (EPP); მიჰალ შჩერბა, პოლონეთი, ევროპის სახალხო პარტია (EPP); ნატალი ლუაზო, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ბერნარდ გეტა, საფრანგეთი, „განაახლე ევროპა“ (Renew Europe); ტობიას კრემერი, გერმანია, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი; რაინიე ვან ლანშოტი, ნიდერლანდები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მათ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და ოპოზიციურ სპექტრთან შეხვედრა უკვე გამართეს. ამ წუთებში კი მესამე სექტორს ხვდებიან. ისინი დღის ბოლოს მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.