ჩვენ მოლაპარაკებების საკითხს 2028-მდე ვაჩერებთ, დადონ მაგიდაზე - ხელს მოვაწერთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე წერს.
„1. ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღისწესრიში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან იქნება, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოეწერება ხელი!
კიდევ უფრო მოკლედ:
ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ
მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს!
2. ძალადობა დასაგმობი და კატეგორიულად მიუღებელია აბსოლუტურად ყველას მიმართ, ეს იქნება პოლიციელი, ჟურნალისტი თუ სხვა ნებისმიერი მოქალაქე.
ამავე დროს, ამორალურია მხოლოდ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის გაპროტესტება და “შეშფოთება” იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც იმედის ჟურნალისტზე თავდასხმა, პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა და უკიდურესი შეურაცხყოფა საერთოდ არ შეუმჩნევია!“ - წერს მამუკა მდინარაძე.