რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასობით იემენელი გადაიბირა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times (FT).
როგორც თავად იემენელებმაგანუცხადეს გამოცემას, გარკვეული „საიდუმლო კომპანიის“ წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ჰუსიტ მეამბოხე ჯგუფთან, მათ ჰპირდებოდნენ კარგად ანაზღაურებად სამუშაოს და რუსეთის მოქალაქეობასაც კი.
თუმცა, რუსეთში რომ ჩავიდნენ, იძულებით გაიწვიეს ჯარში, აიძულეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმება და ომში წასვლა.
FT ვარაუდობს, რომ იემენელი ჯარისკაცების რეკრუტირება დაიწყო 2024 წლის ივლისში.
ჟურნალისტები გაეცნენ ნიჟნი ნოვგოროდის საკონტრაქტო შერჩევის ცენტრის ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ერთ-ერთ კონტრაქტს, რომელიც 3 ივლისით იყო დათარიღებული.
„უკრაინის წინააღმდეგ ომში ძირითადად არამოხალისე იემენელ დაქირავებულთა ჯგუფის გაჩენა გვიჩვენებს, თუ როგორ იწოვს კონფლიქტი უფრო მეტ ჯარისკაცს საზღვარგარეთიდან, რადგან მსხვერპლი იზრდება და კრემლი ცდილობს თავიდან აიცილოს სრული მობილიზაცია“,- წერს გაზეთი და ასევე აღნიშნავს „კავშირების გაღრმავებას“ მოსკოვსა და ჰუსიტებს შორის.
ერთ-ერთმა გადაბირებულმა, სახელად ნაბილმა, განუცხადა FT-ს, რომ ის იყო დაახლოებით 200-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში, რომლებიც მოსკოვში სექტემბერში ჩავიდნენ და ფრონტზე გაგზავნეს.
მისი თქმით, ჯგუფის ზოგიერთი გამოცდილი ჯარისკაცი იყო, მაგრამ ბევრს მომზადება არ ჰქონდა გავლილი.
ნაბილს რუსეთში „უსაფრთხოებსო“ და „ინჟინერიის“ დარგებში მომგებიან სამუშაოს სარფიან სამუშაოს პირდებოდნენ. მიღებული ფულით კი ის სწავლის დასრულებას გეგმავდა.
FT-ის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, აბდულამ, თქვა, რომ დრონების ქარხანაში მუშაობისთვის მას დაპირდნენ ერთჯერად ანაზღაურებას - 10,000 დოლარს და ყოველთვიურ ხელფასს 2,000 დოლარის სახით.
18 სექტემბერს მოსკოვში ჩასვლისთანავე ის სხვა იემენელებთან ერთად პირდაპირ აეროპორტიდან ხუთი საათის მოშორებით მდებარე დაწესებულებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი უკრაინის საზღვარზე გაგზავნეს, რის შემდეგაც მათ უბრალო სამხედრო მომზადება ჩაუტარეს და როსტოვთან ახლოს სამხედრო ბაზაზე გაგზავნეს.
აბდულას თქმით, მისი ჯგუფის ბევრი წევრი ბრძოლებში უკვე დაიღუპა.