უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვას X-ზე ეხმიანება და ზურაბიშვილს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.
"მადლობა ძვირფასო სალომე, შენი გზავნილისთვის და სოლიდარობისთვის. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას და ვიმედოვნებთ მშვიდობიან და აყვავებულ მომავალს ორივე ერისთვის" - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
19 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მე-1000 დღეს უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად.
თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა, არა) ის, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს”, – აღნიშნავს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.