ოპოზიციური პარტიები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა და „გახარია საქართველოსთვის“ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს წერილით მიმართავენ.
ერთობლივი წერილის თანახმად, ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ეს ოთხი პარტია ჯამში მიიღებდა ხმების 52%-ს, თუკი არჩევნები იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი.
მათი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და მანიპულაციის მასშტაბი უპრეცენდენტი იყო.
„ედისონ რისერჩისა“ და „ჰარისის“ მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა ეგზიტპოლებმა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ სანდო ანგარიშებმა და სტატისტიკურმა ანალიზმა გამოავლინა მძიმე საარჩევნო ჩარევა: საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 120 000-ზე მეტი შემთხვევა; გაყალბებული იდენტიფიკაციის პრაქტიკის 15 000+ შემთხვევა; ამომრჩეველთა სიების ანალიზით გამოვლენილი პიროვნების მონაცემების გაყალბების დაახლოებით 50 000 შემთხვევა; საარჩევნო კომისიის წევრების 82%-ს აღმოაჩნდა პირდაპირი კავშირები მმართველ პარტიასთან; 2 500+ ნამდვილი დამკვირვებლისთვის სისტემატური ხელშეშლა საარჩევნო უბნებზე; არაავტორიზებული ვიდეოთვალთვალი საარჩევნო უბნების 60%-ში, რაც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლს“, - ნათქვამია წერილში.
ოპოზიცია მოუწოდებს ევროკავშირს, რომ არ აღიაროს არჩევნების შედეგები და განახორციელოს მთავრობაზე ზეწოლა, თუ უარს იტყვის არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფაზე.
1. ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეფასების/ფაქტების დადგენის მისიის დაწყება 2024 წლის არჩევნებში გარე და შიდა ჩარევის შესაფასებლად მომდევნო 30 დღის განმავლობაში. 2024 წლის არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასების ინიცირება ევროკავშირის არჩევნების შემდგომი მისიის (EFM) მეშვეობით, რომელიც იმუშავებს ეუთო/ოდირთან კოორდინაციით: ჩაატაროს საარჩევნო გაყალბების ყოვლისმომცველ გამოძიება; შეაფასოს საარჩევნო ინსტიტუტების კეთილსინდისიერება;
2. მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, არ მოიწვიოს 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის სხდომა საერთაშორისო შეფასების ჩატარებამდე. ნათლად განაცხადოს, რომ ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, თუ მოიწვევენ მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოების მიერ არჩევნები არ არის აღიარებული თავისუფლად და სამართლიანად. ეს შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლს საპარლამენტო ლეგიტიმურობის შესახებ;
3. ნათელი დეკლარაცია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო;
4. არსებულ მთავრობასთან ყველა ფორმალური ევროკავშირის დონის კომუნიკაციის შეჩერება, მათ შორის: ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრების გაუქმება; მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება; ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების შეჩერება, ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან პროცესის საერთაშორისო დონეზე გამოძიებას; 5. ფინანსური დახმარების შეჩერება (დაახლოებით 120 მილიონი ევრო წელიწადში) მთავრობისთვის, ვიდრე გამოძიების შედეგები არ გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია წერილში.
ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ მათი საბოლოო მოთხოვნაა, ჩატარდეს ახალი არჩევნები 2025 წელს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციითა და პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტებით.