ჩვენი ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმციის წაშლა - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე, გახარიას გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილის თქმით, თითოეული დაგვიანებული დღე "ოცნების" მხრიდან უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს ქმნის.
მეზვრიშვილის თქმით, დღეს სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა და აიძულოს ცესკო, ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
"ამ დრომდე ცესკო თავს არიდებს დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.
ცესკო ასევე თავს არიდებს გადმოგვცეს სრულყოფილი ინფორმაცია "სმარტ მატიკთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების შესახებ, ვგულისხმობთ დოკუმენტაციას, რომელიც არეგულირებს ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში ამომრჩეველთა ერთიანი სიის შენახვას, სიის შენახვის ვადას და ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს. დღეს ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ორ ადგილას - ცესკოს სერვერებზე და ელექტრონულ აპარატებში. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცესკოს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა.
თითოეული დაგვიანებული დღე, ქმნის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების განადგურების რისკს, რაც მხოლოდ ოცნების ინტერესშია.
ამიტომ, დღეს მივმართეთ სასამართლოს მოთხოვნით, უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დაცვა ყველგან, სადაც ის ინახება და აიძულოს ცესკო შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა.
წინააღმდეგ შემთხვევაში ოცნება მოახერხებს მტკიცებულებების განადგურებას ნებისმიერი ობიექტური გამოძიებისთვის და შეუძლებელი გახდება ასობით ამომრჩევლის საარჩევნო უფლების დაცვა". - თქვა მეზვრიშვილმა ბრიფინგზე.