მსოფლიოს რეაქცია ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების მიერ რუსეთის არმიის გაძლიერებაზე არასაკმარისია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიის ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ზოგიერთი პარტნიორი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების ფრონტზე ყოფნას, მაგრამ უკრაინას აქვს რეალური პრობლემა, რადგან ახლა მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არ იბრძვის მის წინააღმდეგ.
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და ბრძოლისთვის ემზადებიან. საუბარია 3 ათას ჯარისკაცზე.
„ჩვენ არ ველოდებით. ჩვენ გვესმის, რომ კიდევ ათასობით [სამხედრო]იქნება. ისინი გზაზე არიან“, - დასძინა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დაახლოებით 12 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უნდა ჩავიდეს რუსეთის ფედერაციაში, რომელბიც ფრონტზე უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან. მისი თქმით, ეს სახიფათო სიტუაციაა.
„მე მქონდა საუბარი სკანდინავიის ქვეყნების პრემიერ-მინისტრებთან. მე ვუთხარი მათ, რომ მჯერა, რომ შეერთებული შტატების ხმა, ნატო-ს ხმა, დასავლელი ლიდერების ხმა, გლობალური სამხრეთისა და ჩინეთის ხმა არ ჟღერს ისე ხმამაღლა, როგორც ახლა უნდა ჟღერდეს რუსეთის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კონტიგენტის არსებობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საშიშია. ეს შლის ახალ გვერდს ამ ომში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.