პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ის სქემები გაასაჯაროვა, რომლებიც მისი თქმით, სხვადასხვა უბანზე ამომრჩევლის ნებაზე ახდენდნენ გავლენას.
მეზვრიშვილის თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები დამოუკიდებლები არ იყვნენ და ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ პარტაქტივს წარმოადგენდა, რომლებიც, მისი განცხადებით, მმართველ გუნდს საჯარო სამსახურებში ჰყავდა ჩანერგილი.
მეზვრიშვილის თქმით, ქუთაისში, სხვადასხვა უბანზე სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავები და „ქართული ოცნების“ პარტაქტივი იყვნენ განაწილებული. ის ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანი კომისიის თავმჯდომარე იყო, ზოგი კომისიის წევრი, ზოგი კი მდივანი.
მეზვრიშვილის თქმით, ბოლნისის მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ქართული ოცნების დეპუტატის, გოგი მეშველიანის საპარლამენტო ბიუროს უფროსი, ნინო მანაგაძე იყო, 51-ე უბნის კომისიის თავმდჯომარე კი ბოლნისის საკრებულოს PR თანამშრომელი, ლია მენაბდიშვილი. ასევე, მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლნისის სხვადასხვა კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები სკოლის დირექტორები და მასწავლებლები იყვნენ.
რუსთავში კი, მეზვრიშვილის თქმით, სხვადასხვა უბნის კომისიის წევრები რუსთავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ლაშა ჩოფლიანის შვილები და ნათესავები იყვნენ.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, კომისიის წევრებად, რეგისტრატორებად, რიგის მომწესრიგებლად და მარკირების გასაკეთებლად „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირების ოჯახის წევრები და ნათესავები იყვნენ წარმოდგენილი მარნეულის, ყვარელის, გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტის, მცხეთისა და მესტიის სხვადასხვა უბანზეც.
მეზვრიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ამომრჩევლებზე მუქარის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა.
"ბიძინა ივანიშვილს თითოეული ოჯახიდან მინიმუმ ერთი ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი. მაგალითად, წარმოიდგინეთ 5-სულიანი ოჯახი - ერთი პიროვნება აგყავს მძევლად და ემუქრები, რომ თუ მთელი ოჯახი ხმას არ მოგცემს, მას სოციალურ დახმარებას შეუწყვეტ.
1 ადამიანი აგყავს მძევლად და ეუბნები, რომ პირობით მსჯავრს ციხით შეუცვლი, თუ მთელი ოჯახი ხმას არ მოგცემს. ან, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლებ, თუ მთელი ოჯახი ხმას არ მოგცემს". - თქვა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზეც ისაუბრა.
"რამდენიმე კვირა ვამბობდით, რომ ოჯახებს პირადობის მოწმობებს ართმევდნენ. ამ ადამიანებს ან მუქარით ტოვებდნენ სახლში, ან მოსყიდვით. ალბათ, გაინტერესებთ ამ პირადობებს რა ბედი ეწია - ქართული ოცნების პარტაქტივს, სუსს-სა და იმ ადამიანებს, რომლებიც უბნებთან გარეთ იდგნენ, ეს პირადობის მოწმობები პასპორტებში ჰქონდათ ჩალაგებული, უბანზე შედიოდნენ და იმ პირების ნაცვლად, რომლებიც სახლში დატოვეს, ხმას აძლევდნენ". - განაცხადა მეზვრიშვილმა.