ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნას რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კურსკის რეგიონში.
რუტემ თქვა, რომ სამხრეთ კორეის დელეგაციამ აცნობა ნატო-ს, ასევე იაპონიას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას, რომ მათი სამსახურებისთვისცნობილია რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ყოფნისა და ომში მათი ჩართვის შესახებ.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალი გაიგზავნა რუსეთში და ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფები განლაგებულია კურსკის რეგიონში... ეს არის მნიშვნელოვანი ესკალაცია ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის უკანონო ომში ჩართვაში.
ეს არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მორიგი დარღვევა.
ასევე, ეს არის რუსეთის ომის სახიფათო გაფართოება.
ნატო მოუწოდებს რუსეთს და ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება საფრთხეს წარმოადგენს როგორც წყნარი ოკეანის, ისე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა რუტემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პირობებში მნიშვნელოვანია დემოკრატიული სამყაროს ძალების გაერთიანება საერთო ღირებულებების დასაცავად.
”ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვა კურსკის რეგიონში პუტინის მზარდი სასოწარკვეთის ნიშანია. 600 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა პუტინის ომში და ის ვერ შეძლებს უკრაინაში შეტევას უცხოეთის მხარდაჭერის გარეშე...
ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის მხარდაჭერას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, - განაცხადა მარკ რუტემ.