გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ეს ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფაა.
„სასოწარკვეთილებას გეგმა არ აქვს, სასოწარკვეთილება არის სპონტანური. გულწრფელად ვიტყვი, ამ ქვეყანაში თუ ვინმე არის დარჩენილი, რომ ფიქრობს, შეიძლება რეალური იყოს ელექტრონულ არჩევნებში 300 000 ხმის გაყალბება, ის ქუჩაში უნდა გამოვიდეს და ბევრი იფიქროს, რა მოხდა ასეთი, როგორ მომატყუესო. ანუ გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, იქიდან სააკაშვილი და ასე შემდეგ, ყველანი ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ 300 000 ხმა გაყალბდა. ეს არის ხალხის უმძიმესი შეურაცხყოფა. ვიღაცას რომ აჯერებ, 3 000 ხმა გამიყალბესო, შეიძლება, რაღაც თეორია მოიგონო, რაღაც დაადასტურო, მაგრამ 300 000-ხმიან გაყალბებაზე გველაპარაკებიან. ეს რომ ვიღაცამ მკადროს, სერიოზულად მელაპარაკოს, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს.
დღეს რომ ადამიანს სჯერა, რუსული ხელისუფლება ჰყავს საქართველოს, ეს მისი არჩევანია და მას ასე უნდა სჯეროდეს, ეს რწმენის საკითხი და არა არგუმენტებზე დაყრდნობილი ანალიზის. ვიღაცას ასე სწამს და ხმას აძლევს გვარამიას, როგორც პროევროპელს, სააკაშვილს, როგორც პროევროპელს, ამ ქვეყნის მოღალატედ ქცეულ გახარიას, როგორც პროევროპელს, ყველაზე დიდ თაღლითს ამ ქვეყანაში – ხაზარაძეს, როგორც პროევროპელს, მაგრამ მისი საქმეა. მას ასე სჯერა, რწმენაში აქვს გადასული, რომ ეს ხალხია პროევროპელი და რუსი ჰგონია ის, ვინც ევროპის გზაზე დაგვაყენა და მიზანმიმართულად, ბრძოლით, ეროვნული, ტრადიციული ღირებულებების, ევროპული ღირებულებების დაცვით მიდის ამ გზაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.