"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ვიდეომასალა წარმოადგინა და არჩევნების დღეს მომხდარ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისაუბრა
ამასთან, კორძაიამ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნა და სრულფასოვანი ტექნოლოგიური აუდიტის ჩატარება მოითხოვა.
"მაყურებელს წარმოვუდგენ ერთ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია დმანისში. ქალბატონი ხმას აძლევს პირადობის მოწმობის გარეშე და ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ამ ქალს ხმის მიცემის უფლებას აძლევენ მხოლოდ ტელეფონში წარმოდგენილი მისი პირადობის მოწმობის ფოტოთი. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა საქართველოს ბევრ უბანში. რატომ ვაჩვენებთ ამ კადრებს? რადგან ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი, მინდა გითხრათ, რომ:თავისთავად ის ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც ჩატარდა არჩევნები, არის პრობლემური და ბადებს არაერთ კითხვას. სწორედ ის არის პრობლემა, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, სადაც უნდა გაეტარებინათ ამ ქალბატონის პირადობის მოწმობა, იძლეოდა ნებისმიერი ფორმის და სახის ამომრჩეველთა სიის ჩატვირთვის შესაძლებლობას, ამომრჩევლის მონაცემების რამდენიმე უბანზე დუბლირების შესაძლებლობას. შესაბამისად, თუ ამ ქალბატონმა მხოლოდ პირადობის მოწმობის ფოტოთი მისცა ხმა, მისი მსგავსი გარეგნობის ან გრძელთმიანი ახალგაზრდა მისი ნამდვილი პირადობით წავიდოდა სხვაგან. ეს დუბლირებები მოხდა არაერთხელ და არაერთგზის, ამიტომაც ვამბობთ, რომ საქართველოში მიტაცებულია ძალაუფლება.
მეორე: მასობრივად გამოვლინდა შემთხვევები, როცა ხდებოდა ცალკეული ვერიფიკაციის აპარატების დესინქრონიზაცია, ანუ მათი ერთმანეთისგან დაშორება, რათა მონაცემები არ გამოჩენილიყო ოთხივე ვერიფიკაციის აპარატში, რაც იძლეოდა შესაძლებლობას, დამატებით, სხვა სიების არსებობის ერთ აპარატში და გაყალბებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობას.
ასევე, საარჩევნო უბნებზე არსებობდა მაღალსიჩქარიანი, 5 G ინტერნეტი, რომელიც ჩართული იყო მოწყობილობა პლანშეტში. ინტერნეტკავშირი მყარდებოდა მობილური ოპერატორების საშუალებით და პლანშეტი მიერთებული იყო ცესკოს სერვერთან. არჩევნების დღეს გამოვლინდა შესაძლებლობა, რომ პლანშეტის, ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების ურთიერთკავშირით შესაძლებელია ამ აპარატებიდან უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიღება და ლაივ-რეჟიმში კონტროლი, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა, რომ შემოწმდეს ეს პლანშეტები და გადამოწმდეს მთელი დღის განმავლობაში ამ პლანშეტებზე ინფორმაციის ნაკადი. ელექტრონული აპარატები მთლიანად კონტროლდებოდა ცესკოს მიერ შერჩეული და დატრენინგებული ტექნიკური პერსონალისა და კომისიის წევრების მიერ და ამ პროცესში, ხაზს ვუსვამ, დაშვება არ ჰქონდათ სხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. რაც ადასტურებს იმას, რომ პროცესი არ იყო გამჭვირვალე.
ვერიფიკაციის აპარატები მასობრივად არ ატარებდა ID ბარათებს და შემდგომ რეგისტრატორებს ხელით შეჰყავდათ ამომრჩევლის პირადი ნომერი, რეგისტრატორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ გამოეყენებინათ იმ ამომრჩეველთა პირადი ნომრები, რომლებიც წინასწარ დამუშავებული ინფორმაციის შესაბამისად, მაღალი ალბათობით, ვერ მივიდოდნენ საარჩევნო უბნებზე, მაგალითად, საზღვარგარეთ მყოფი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული ამომრჩეველთა სიაში საზღვარგარეთ.
ასევე დაფიქსირდა ფაქტები, როცა ხმის მიცემა ხდებოდა პირადობის მოწმობის გარეშე და ქაღალდზე ჩამოწერილი პირადი ნომრების ხელით შეყვანით ხდებოდა.
იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რაზეც გაამახვილეს ყურადღება საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშის და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფონზე, მე ახლა არ ვისაუბრებ.
მთავარია, ახლა ჩვენ სწორად დავსვათ კითხვები ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით:
"სმარტმატიკის" რეპუტაცია ყველამ კარგად იცით, Pro V&V-ს ვებგვერდი საერთოდ არ იძებნება. ორივე კომპანიის ავტორიტეტი არის ძალიან საეჭვო საერთაშორისო თვალსაზრისით და ახლა მინდა, ხაზი გავუსვა:
"სმარტმატიკთან" გაფორმებული ხელშეკრულების 4.3 პუნქტის თანახმად, "სმარტმატიკი' იღებს ვალდებულებას, რომ ვერიფიკაციის აპარატი, თავისი ტექნიკური უზრუნველყოფით, ხმის მთვლელი აპარატი და პროგრამული ლიცენზია, მისი ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში, არ გამოავლენს დეფექტს,. ჩვენ ვნახეთ, რომ თუ პირადობის მოწმობას არ ატარებს ვერიფიკაციის აპარატი, ეს შეიძლება იყოს დეფექტი - ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ვერიფიკაციის აპარატები არა ატარებდა პირადობის მოწმობებს. "სმარტმატიკისგან" მოვითხოვთ, გააკეთოს განცხადება ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, რატომ ვერ ტარდებოდა პირადობის მოწმობები ან ცესკომ ახსნას ეს,
იმიტომ რომ გუშინდელ ბრიფინგზე Pro V&V-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველაფერი იყო წესრიგში, მაგრამ ასე რომ არ იყო, ყველამ კარგად ვიცით.
ცესკო არ არის გამჭვირვალე, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, შევიდა თუ არა ამ ორ კომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები. რატომ ვსვამ ამ შეკითხვას: არჩევნებამდე, როგორც პარლამენტის წევრმა, გავუგზავნე შეკითხვა ცესკოს და ვკითხე, შევიდა თუ არა ცვლილებები ხელშეკრულებებში, რაზეც მათ მიპასუხეს, რომ ხელშეკრულებები დევს შესყიდვების სააგენტოს საიტზე.
შესყიდვების სააგენტოს საიტზე არსებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, წერია ცალსახად, რომ თუ ხელშეკრულების ცვლილების საჭიროების წინაშე დადგა რომელიმე მხარე, არა აქვს ხელშეკრულების ცვლილების დასაბუთების ვალდებულება მხარეს და მიმწოდებელი ვალდებულია ეს შეასრულოს. ასეთი ტიპის ხელშეკრულების ცვლილების ამსახველი დოკუმენტების შესყიდვის სააგენტოს საიტზე განთავსების ვალდებულება ხელშეკრულებაში არ წერია, და დღეს ვუსვამ ცესკოს შეკითხვას: შევიდა თუ არა რამე ცვლილება, წარმოადგინონ ყველა დოკუმენტი, ეს პირობა არის ძალიან ბუნდოვანი, რადგან მათ ცალმხრივად შეეძლოთ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და შეიტანეს თუ არა, ამას აუცილებლად უნდა გასცენ პასუხი.
და ბოლოს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი: Pro V&V-მ გუშინ დაადასტურა, რომ ტექნიკური პრობლემები არ არსებობდა, მაგრამ ცალსახაა ერთი რამ: იმდენად გაუმჭვირვალეა პროცესი, რომ შეუძლებელია, მხოლოდ შესაყვანი კოდებით შევამოწმოთ, რამდენად შეესაბამება ვერიფიკაციის აპარატებზე არსებული სიები ცესკოს მიერ მიწოდებულ სიებს. ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფის შექმნას, რომელიც სრულფასოვან აუდიტს ჩაუტარებს იმ აპარატურას, რომელიც ახლა დალუქული უნდა იყოს ცესკოში. დაწყებული ვერიფიკაციის აპარატების მუშაობით, გაგრძელებული ჩატვირთული სიებით, ამის შემდგომ უკვე ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრებით, და ასევე, პლანშეტებში მიმდინარე ნაკადების გადამოწმებით მთელი დღის განმავლობაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ხელისუფლება არ მიიტაცოს 'ქართულმა ოცნებამ" და არ წაართვას საქართველოს ევროპული მომავალი, რადგან ჩვენ ვართ დარწმუნებული, ის მინიმუმ, 12%, რაც წაართვეს ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობს, ამ გაყალბებებით რომ არ წაერთმიათ, დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა ოპოზიცია. ყველა მონაცემი ადასტურებს, რომ გაყალბების მასშტაბები იყო ძალიან დიდი და გაყალბება ხდებოდა სწორედ ამ ტექნოლოგიური საშუალებებით.
ამიტომ აუცილებელია, შეიქმნას საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი კომისია, რომელიც გააკეთებს სრულფასოვან, ტექნოლოგიურ და დოკუმენტურ აუდიტს ცესკოში არსებული დოკუმენტაციებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ეს არის გადარჩენის ერთადერთი გზა. და კიდევ: დღეს საღამოს მიემგზავრებიან Pro V&V-ს წარმომადგენლები, რომელმაც აუდიტი ჩაუტარა ვერიფიკაციის აპარატებს. ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა იქნება მათი დღეს გამგზავრება და ფრენა უნდა გადადონ, რადგან აქ შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგები დადგეს, რადგან საქართველოს მოქალაქეები, საქართველს პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არჩევნები კი სწორედ მათი აუდიტის ქვეშ ჩატარდა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ", - განაცხადა თამარ კორძაიამ.