ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი.
„ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი:
ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე.
ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ.
არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით.
სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.