გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა იყო, – ამის შესახებ გაერო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში პუტინთან პირადი საუბრის დროს, რომელიც შედგა სამიტის ფარგლებში მას შემდეგ, რაც გუტერეში სიტყვით გამოვიდა.
თავად სიტყვით გამოსვლისას გაერო-ს გენერალურ მდივანს არ უსაუბრია რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე.
მან უკრაინის ომი მხოლოდ მსოფლიო თანამეგობრობისთვის მის მიერ ნახსენებ სხვა გამოწვევებს შორის მიმდინარე საერთაშორისო კონფლიქტების ჩამოთვალისას ახსენა.
გაერო-ს პრესრელიზის თანახმად, პუტინთან საუბრისას გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე „გამოთქვა რწმენა, რომ შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის, რუსეთისა და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
გუტერეშმა მოუწოდა „ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ“.
„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა გამოხატა რწმენა, რომ შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოს სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. გუტერეში სრულად უჭერს მხარს ამ მიმართულებით მოლაპარაკებების გაგრძელებას და გამოხატავს მადლიერებას თურქეთის მიერ გაწეული სამუშაოსთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, გაერო-ს ცნობით, გუტერეშმა და პუტინმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, კერძოდ, ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა და რეგიონში შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების საჭიროება.