პირველი ჩრდილოეთ კორეული ქვედანაყოფები, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ რუსეთის აღმოსავლეთში, საწვრთნელ ბაზაზე, რუსეთის კურსკის ოლქში ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იუწყება.
„ჩრდილოეთ კორეის პირველი სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ აღმოსავლეთ რუსეთის სასწავლო პოლიგონზე, უკვე ჩავიდნენ რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო ზონაში - კერძოდ, 2024 წლის 23 ოქტომბერს მათი გამოჩენა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში.
რუსეთში ჩასული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების წვრთნები ტარდება აგრესორი სახელმწიფოს აღმოსავლეთით მდებარე ხუთ სამხედრო პოლიგონზე - ბარანოვსკის (უსურიისკი), დონღუზის (ულან-უდე), ეკატერინოსლავსკის (ეკატერინოსლავკა), 248-ე (კნიაზ - ვოლკონსკოე) და 249-ე (სერგეევკა)“, - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
დაზვერვის მონაცემებით, რამდენიმე კვირაა გამოყოფილი ჩრდილოეთ კორეის სამხედროების კოორდინაციისთვის, რომელთა გამოყენებასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გეგმავს. მათივე ცნობით, რუსეთში დისლოცირებული ჩრდილოეთ კორეის სამხედროების რაოდენობა ახლა დაახლოებით 12 ათასი ადამიანია, მათ შორის არის 500 ოფიცერი, მათ შორისაა სამი ფხენიანელი გენერალი.