უკრაინაში თურქული წარმოების Bayraktar-ის დრონების ქარხნის მშენებლობა 2025 წლის აგვისტოსთვის დასრულდება, განაცხადა Baykar-ის ხელმძღვანელმა ჰალუკ ბაირაქტარმა.
„მშენებლობის 80% დავასრულეთ და ახლა მიმდინარეობს ტექნიკის შეკვეთა. წარმოების დაწყების თარიღს განსაზღვრავს ომის პროგრესი, მაგრამ ობიექტი მზად იქნება 2025 წლის აგვისტოში“, - განუცხადა მან Reuters-ს.
თებერვალში კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია Baykar-მა დაიწყო ქარხნის მშენებლობა კიევის მახლობლად, სადაც გეგმავს TB2 ან TB3 მოდელების დრონების წარმოებას.
"უკრაინაში ქარხანა დიდია, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 500 ადამიანის დასაქმებას“, განუცხადა მაშინ ჰალუკ ბაირაქტარმა Reuters-ს.
უკრაინის ძალები აქტიურად იყენებდნენ თურქულ დრონებს რუსული ჯავშანტექნიკის და არტილერიის წინააღმდეგ 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.