დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეებისა და არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მთლიანობაში, 100 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება.
„მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურად გამართულ გარემოში მიიღებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება ისე, რომ არ შეჩერდეს კლინიკის ფუნქციონირება. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო სამედიცინო პერსონალის ძალიან მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებულ შენობებში, რეაბილიტაციის შემდეგ, იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 400 საწოლზე იქნება გათვლილი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულები იფუნქციონირებს, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები იქნება განთავსებული.
„განვითარდება სერვისები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი შეიქმნება. ასევე მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. ყველანაირი სივრცით იქნება აღჭურვილი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო.
აშენდება ახალი, 250 საწოლზე გათვლილი ნაგებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთ სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია და სხვა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ინფექციური ბლოკი, აქვე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.
დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მინდა, მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკას და ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.