განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ, - განუცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.
მისი თქმით, ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ჩანასახშივე ჩაახშობს როგორც გადატრიალების, ისე „კოლექტიური ნაცმოძრაობისა“ და მისი პატრონების გეგმებს, საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
„საზოგადოების მხრიდან მონიჭებული ამ ხარისხის ლეგიტიმაცია, ფაქტობრივად, ჩანასახშივე ჩაახშობს რევოლუციისა და გადატრიალების გზით ძალაუფლების დაბრუნების, შემდეგ კი საქართველოს ომში ჩართვის მიზნის მქონე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი უცხოელი პატრონების გეგმებს! ამასთანავე, მთელს საერთაშორისო საზოგადოებას დაანახებს, თუ ვის ანდობს ქვეყანას ქართველი ხალხი, რომელიც არა მხოლოდ ღირსეულ ევროპულ მომავალს, არამედ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს!“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აპირებს.
„რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ, ვრცლად განვმარტე, თუ რატომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. დღესაც, კიდევ ერთხელ, მოკლედ შეგახსენებთ:
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, კონსტიტუციის დონეზე ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, ხოლო საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი, მათ შორის ყველაზე მძიმე - ომის დანაშაულის გამო, ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს კანონის სრული სიმკაცრით ვაგებინებთ პასუხს;
კონსტიტუციის დონეზე გავამყარებთ არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის საკითხს;
კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება;
არავის მივცემთ საშუალებას, რომ საჭირო დროს, საქართველოს მშვიდობიანი გზით გამთლიანებისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღუდგეს წინ.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.