აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი გაერთიანებული სამეფოს „ლეიბორისტულ პარტიას“ აშშ-ის არჩევნებში კამალა ჰარისის და ტიმ უოლცის სასარგებლოდ ჩარევაში ადანაშაულებს. იუწყება BBC .
მათი თქმით, ამ პარტიის აქტივისტები საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებიან დონალდ ტრამპის მეტოქეს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ კამალა ჰარისს. ტრამპის შტაბის განცხადებით, ბრიტანეთის ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი წევრები დაიქირავა და ამერიკის კრიტიკულად მნიშვნელოვან შტატებში ჰარისის კამპანიაში მონაწილეობისთვის გაგზავნა, რაც აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მცდელობაა.
დონალდ ტრამპის შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს კამპანიაში უცხოელების უკანონო მონაწილეობის ფორმით არჩევნებში უხეშად ჩარევის ფაქტი.
BBC-ის ინფორმაციით, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები აშშ-ში გაემგზავრნენ როგორც კერძო პირები და მათ პარტია არ აფინანსებს. შესაბამისად, კანონი არ დარღვეულა.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გამოცემას განუცხადა, რომ მსგავსი რამ წინა არჩევნების დროსაც მოხდა.
„ლეიბორისტულ პარტიას“ ჰყავს მოხალისეები, ისინი ყოფილან ძალიან ბევრ არჩევნებზე. ისინი ამას თავისუფალ დროს აკეთებენ როგორც მოხალისეები. ვფიქრობ, ისინი იქ სხვა მოხალისეებთან რჩებიან“, – აღნიშნა სტარმერმა.