გვაქვს სია, როგორ არიან გადანაწილებული ძალოვნები სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე, მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მაგრამ როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა, არ ვასაჯაროებთ, პოლიციელებს კი მოვუწოდებ, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რადგან ეს, პირველ რიგში, თქვენი ოჯახის შეურაცხყოფაა - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ივანიშვილი პოლიციელებს, ჯარისკაცებს, საპატრულო პოლიციისა სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებს უკანონო დავალებებს აძლევს და საარჩევნო უბნებზე მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჰყავთ გადანაწილებული.
"გაგაცნობთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როგორ ექცევა და შეურაცხყოფს ბიძინა ივანიშვილი პოლიციელებს და ზოგადად, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ გვაქვს მატერიალურად მოწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ არიან განაწილებული თბილისა და სხვადასხვა რეგიონებში ჯარისკაცები, პოლიციელები, საპატრულო პოლიციისა და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები, თუ როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა საარჩევნო უბანზე, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით და როგორ აიძულებენ მათ ტანდემში იმუშაონ სხვადასხვა სახის ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან, რათა მოხდეს ადამიანების დაშინება, პირადობის მოწმობების ამოღება და იძულება იმისთვის, რომ გააფერადონ 41 ნომერი. მე მინდა მივმართო ყველა პოლიციელს, ყველა იმ ძვირფას ადამიანს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას: პოლიციელს უნდა ესმოდეს, რომ ეს არის მისი მუნდირის შეურაცხყოფა.
მე, როგორც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არ გავავრცელებ მათ სიებს, რომელიც მაქვს, სხვათა შორის, შიდა წყაროებიდან მოწოდებული, სადაც ჩანს, როგორ არიან ისინი გადანაწილებული სხვადასხვა მისამართზე და როგორ აიძულებს მათ ხელმძღვანელობა, ჩაიდინონ დანაშაული.
ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, საპატრულო, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებო, სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებო! მათ შორის, ჩემო მეგობრებო, მაგალითად, თელავსა და კახეთის სხვა რეგიონში, რომლებსაც გაიძულეს, რომ ჩამოსულიყავით, კარდაკარ გევლოთ და გეიძულებინათ მოქალაქეები, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ოპოზიციისთვის, ეს არის დანაშაული და მინდა მოგიწოდოთ, არ ჩაებათ ამ დანაშაულში, რადგან მისი ჩადენა შეურაცხყოფს, პირველ რიგში, თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს და ემუქრება მათ ევროპულ მომავალს, რომლისთვისაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.