"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ღამით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში მათი შტაბის წევრს თავს დაესხნენ და კოალიციის ლოგოთი გაფორმებულ მანქანას ქვები დაუშინეს.
როგორც "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, პირადობის მოწმობების უკანონოდ ჩამორთმევის მცდელობის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყიდან შემოსული შეტყობინების გადასამოწმებლად მისულ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრს ლევან გოგიას რამდენიმე პირი თავს დაესხა და კოალიციის ლოგოთი გაფორმებული მანქანის საქარე მინა ჩაუმსხვრია. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ლევან გოგიას თქმით:
"რომან კვანჭიანი, რომელიც არის კრიმინალი, ბოლოს ყაჩაღობაზე იჯდა, მანამდე მკვლელობაზე, ეს ადამიანი დადის პირადობის მოწმობების ჩამოსართმევად. ფაქტობრივად, ციხიდან არ გამოსულა, ახლა გამოუშვეს სწორედ ამ საქმისთვის. რაც შეეხება მომხდარს, სოფლის შესასვლელთან იდგა ორი პირი, სახეზე ვერ ვიცანი, როცა მანქანით ჩავიარე, ეგრევე ქვები დამიშინეს. ერთი მინას მოხვდა და ჩამსხვრეულია. იმ ორ პირთან ერთად იდგა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ფორმაში ჩაცმული პირი, ვიდეოშიც ჩანს ფორმა", - განაცხადა გოგიამ.
შემთხვევის ადგილას "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძეც იმყოფებოდა, რომელმაც ინციდენტის შემდეგ გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებს რომან კვანჭიანისა და სხვა პირების გადაყვანა მოთხოვა, რათა ისინი ნარკოტიკულ სიმთვრალეზე შეემოწმებინათ.
ანა წითლიძის თქმით:
"ისნი ასრულებენ დავალებას "ქართული ოცნების" შტაბიდან, შტაბს ხელმძღვანელობს შოთა ბაჯალაძე, რომელიც სუს-ის თანამშრომელია და კვანჭიანსა და სხვა პირებს დავალებული აქვთ სოფელ რიყეში პირადობის მოწმობების ამოღება. მათი მცდელობა უშედეგოა, სულ რამდენიმე დღე დარჩათ და 26 ოქტომბერს ეს ქვეყანა საბოლოოდ გაიმარჯვებს", - განაცხადა ანა წითლიძემ.