იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი დასრულებულია – რატი ბრეგაძემ ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი სისტემაში სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ ახალგაზრდებთან ერთად გახსნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმი ქართული ინოვაციაა, რასაც ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობა განაპირობებს – ის პირველია, რომელიც დამთვალიერებელს ქართული სამართლის განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიას აცნობს; ამას გარდა, ექსპოზიცია ჰოლოგრამული, ციფრული ფორმატის გამოსახულებებით არის წარმოდგენილი, რაც, აგრეთვე, სიახლეს წარმოადგენს.
"მუზეუმში ქრონოლოგიურად არის წარმოდგენილი ქართული სამართლის განვითარების ძირითადი ეტაპები; ისტორიული ფიგურები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამ საქმეში; უძველესი სამართლის ძეგლები, საგანმანათლებლო კერები, ყველაფერი ის, რაც წარმოაჩენს ქვეყნის სამართლებრივი კულტურის უნიკალურ ბუნებას.
მუზეუმი დამთვალიერებლებს მდიდარ და მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის, აგრეთვე, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ.
ქართული სამართლის ჰოლოგრამული მუზეუმის გახსნას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, სამართლის დარგის სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.