გპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადაში გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, გვექნება წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც მოხმარდება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას, გავანულებთ საპენსიო სესხს, დავასრულებთ ფასების მაფიას და ემიგრანტებისთვის შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთ მილიარდიანი ფონდი, რომელიც იძულებით ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს დააბრუნებს თავიანთ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის პრეზენტაციაზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი თავისუფლების მოედანზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმისთვის, რომ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს და ამას ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ ზუსტად ხუთ დღეში. ივანიშვილი ქვეყნის მასშტაბით აკვარიუმით გადაადგილდება და საკუთარი ხალხისთვის ხელის ჩამორთმევის ეშინია, რადგან 12 წლის მანძილზე არაფერი მოიტანა ივანიშვილმა ზიზღის პოლიტიკის, შიშზე დაფუძნებული პოლიტიკის, რომელიც სრულიად სიცრუეზე არის აგებული, სიღატაკის, უმუშევრობის, საერთაშორისო იზოლაციის გარდა. ამის გარდა
ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ივანიშვილს არაფერი მოუტანია, ამიტომ იცის მან ძალიან კარგად, რომ მისი დრო ამოიწურა. დიახ, ივანიშვილის დრო ამოიწურა და ხუთ დღეში ამას მთელი საქართველო დაამტკიცებს.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ 12 წლის მანძილზე იყო ივანიშვილისთვის მთავარი წინააღმდეგობის ღერძი. თითოეული თქვენგანი, თითოეული ჩვენი მხარდამჭერი, საქართველოს მოქალაქეები რომლებიც არ შეუშინდნენ შურისძიებას და დევნას, და დაამტკიცეს, რომ ქვეყნის ერთგულება არის უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამ ერთგულებით ზუსტად ხუთ დღეში, სწორედ 5-ანი იქნება გამარჯვების მთავარი პლაცდარმი.
დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა არის ჩვენი მთავარი პროგრამული პრიორიტეტი. რა არის ის რეფორმები, რომლებსაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ განახორციელებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გპირდებით, რომ უმოკლეს ვადებში გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, საქართველოს მიეცემა მიეცემა წვდომა 14 მილიარდ ევროზე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის. ჩვენი პროგრამა აგებულია თავისუფალი, კონკურენტული ეკონომიკური ბაზრის პირობებზე, სადაც ხელისუფლება თამაშობს ხელშემწყობ როლს და არა ხელშემშლელ როლს, როგორც ახლა ივანიშვილის პირობებშია, როდესაც ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული და მხოლოდ მისი კლანების ინტერესებზე. ეკონომიკა იმუშავებს ხალხისთვის და ჩვენ მოვიზიდავთ 14 მილიარდ ევროს საქართველოს ევროპული კეთილდღეობისთვის.
ჩვენი შემდეგი დაპირება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, არის საპენსიო სესხების განულება. გპირდებით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადებში ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, რომელიც ახლა ძალიან დიდ ტვირთად აწევს საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს ნაწილს, პენსიონერებს, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ჩვენი საზოგადოების და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდეს იმისთვის, რომ პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერე, ჩვენ ვხედავთ, რომ დღესდღეობით ოთხჯერ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა უწევთ მათ. ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე.
კიდევ ერთი დაპირება, რომელიც აუცილებლად მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ეს არის ფასების მაფიის დასრულება, რადგან ფასების მაფია ხელოვნურად არის შექმნილი სწორედ ივანიშვილის კლანური მმართველობის შედეგად და ეს განაპირობებს სწორედ იმ კატასტროფულად გაზრდილ ფასებს, რომელსაც ვეღარ უმკლავდებიან საქართველოს მოქალაქეები. უმუშევრობის ფონზე ადამიანებს უწევთ იძულებით ემიგრაციაში წასვლა, ამიტომ ჩვენ შევქმნით პრეზიდენტი სააკაშვილის მილიარდიან ფონდს იმისთვის, რომ ყველა იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანი საქართველოში დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ ადამიანებს კეთილდღეობის შანსი.
ასე რომ, ხუთ დღეში გავაფერადოთ 5 ნომერი, ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით ვამარცხებთ „ოცნებას“, როდესაც ვერთიანდებით ყოველთვის ვიმარჯვებთ. 5 ნომერი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იქნება გამარჯვების მთავარი ლოკომოტივი. ერთიანობით ვიმარჯვებთ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.