მანამდე არასდროს მინახავს ასეთი მზაობა დიდი გარდატეხისთვის, რაც უფრო მეტი მივა არჩევნებზე, მით უფრო ცხადი იქნება გამარჯვება და ცხადი იქნება ის დიდი მარცხი, რომელსაც იწვნევს ქართული ოცნება", - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროგრამის პრეზენტაციაზე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
ლაშა ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი როგორც 26 ოქტომბრის არჩევნების, ასევე საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი მოქალაქის გამოცხადების მნიშვნელობას.
"ჩვენ არ დავიღლებით და ამის დასტური იყო 20 ოქტომბერი - რამე ეტყობოდა იმ ხალხს დაღლილობის?
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ: დავდივარ სოფელ-სოფელ, ქალა-ქალაქ და მე არასდროს მინახავს ქვეყანაში ასეთი მზადყოფნა ცვლილებებისათვის, დიდი გარდატეხისათვის. ქვეყანა არის მზად დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გზაზე, იაროს წინ, პირდაპირ და ყოველგვარი გზების არევის გარეშე - ევროპისაკენ.
ჩვენ გუშინ ღამე ყველანი ალბათ, ვაკვირდებოდით, როგორ მიდიოდა არჩევნებისა და რეფერენდუმის საქმე მოლდოვაში და ჩვენ ყველამ ვნახეთ, რამდენად მყიფე გამარჯვება მოიპოვეს პროევროპულმა ძალებმა, სამწუხაროდ, მოლდოვაში. და ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია მივიდეთ არჩევნებზე.
რაც უფრო მეტი მივა არჩევნებზე, მით უფრო ცხადი იქნება გამარჯვება და ის დიდი მარცხი, რომელსაც იწვნევს ქართული ოცნება.
ჩვენ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება ისე, რომ არანაირი ეჭვი არ დარჩეს ჩვენს გამარჯვებაში და არანაირი შევაჭრების საშუალება არ დავუტოვოთ ქართულ ოცნებას. ამიტომაც, ყველანი უნდა წავიდეთ არჩევნებზე და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამის უზრუნველყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ხმები არ უნდა დაიკარგოს და ხმები მაშინ დაიკარგება, თუ ისეთ პარტიებს მისცემენ ხმას, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ჩვენ ვხედავთ რომ თუ წლების წინ ჩვენ ძალიან შორეულ პერსპექტივად გვესახებოდა ევროკავშირში გაწევრიანება, დღეს უკრაინელების საოცარმა თავდადებამ ეს კარი ევროპაში ჩვენც გავიხსნა. ამიტომ ჩვენ უნდა გადავუხადოთ დიდი მადლობა უკრაინელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავი დადო ამ ბრძოლაში და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მოვაგოთ უკრაინის ჩვეულებრივ მოქალაქეებს, მეომრებს და, რა თქმა უნდა ქართველ მებრძოლებს.
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი და ჩვენს თაობას ერგო ძალიან დიდი მისია, რომელიც უნდა შევასრულოთ: ეს მისიაა საქართველოს ნავის შეყვანა იმ ნავსაყუდელში, სადაც არის მშვიდობა და თანასწორობა. ამიტომაც ეს მისია არის ძალიან დიდი პატივი, რომ ის სწორედ ჩვენ გვერგო და ამიტომაც ამ მისიის შესრულება, ჩვენი გამარჯვება ჩვენს ხელშია, ამიტომ ჩვენ ეს ერთჯერადი, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხის მიერ ნანატრი მისია, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, არ უნდა დავთმოთ და ჩვენ ვალდებულები ვართ გავიმარჯვოთ.
ჩვენ გავიმარჯვებთ კიდეც ერთიანობით და ყველას გირჩევთ, ხმა მისცეთ ერთიანობას, ნომერ ხუთს", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.