შეერთებულ შტატებში 83 წლის ასაკში, ცნობილი თურქი სასულიერო და პოლიტიური მოღვაწე ფეთჰულა გიულენი გარდაიცვალა.
ანკარა გიულენს 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და მოწყობაში ადანაშაულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიულენი კვირას საღამოს საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გიულენი, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირე, რომელიც წლების განმავლობაში აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ემიგრაციაში ცხოვრობდა, კატეგორიულად უარყოფდა არშემდგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობას.
გიულენი აშშ-ს პენსილვანიის შტატში 1999 წლიდან ცხოვრობდა. მას თურქეთის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა.
ანკარის ინფორმაციით, 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობას 250 ადამიანი შეეწირა. გადატრიალების მცდელობის საქმეზე, სხვადასხვა სექტორის ათიათასობით საჯარო მოხელე დააპატიმრეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
თურქეთის ხელისუფლება სისტემატურად ანადგურებდა გიულენის კვალს თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის მოვლენების შემდეგ.