ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშნები, გაიმარჯვებს თუ არა დემოკრატია და თავისუფალი აზრი, ამ საღამოს მიხვდება, რომ განაჩენი გამოტანილია, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ ევროპულ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან სანიკიძის განცხადებით, კოალიცია და მისი მხარდამჭერები გმირთა მოედანზე, 17:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშს თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით შეუერთდებიან.
"დღეს, არჩევნებამდე 6 დღით ადრე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ ჩვენი სათქმელი მთელ მსოფლიოს, რომ ქართველებს გვსურს თავისუფლება, განვითარება, რომ უარს ვეტყვით იზოლაციას, ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტრებისთვის და სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდას. ამ მიზნით დღეს ხუთ ლოკაციაზე იკრიბება მთელი საქართველო.
ჩვენ, "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა" 5 საათზე დავიძრებით გმირთა მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ. 7 საათზე თავისუფლების მოედანზე არის დიდი შეკრება, იქნება სახალხო ზეიმი, ჩვენ ვნახავთ, რა არის თავისუფალი საქართველო, იქნება უკიდურესად პოზიტიური განწყობა, აქ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იძულების წესით არ არიან მისული აქციაზე, იქნებიან ადამიანები, ვინც ბოლო გაფრთხილებას მისცემენ ბიძინა ივანიშვილს. ეს მარში იმდენად მასშტაბურია, რომ შეუძლებელია მისი მიწერა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის ან ორგანიზაციისთვის.
ეს არის ზეპარტიული მარში, რომელშიც, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც. მე დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს, როდესაც ნახავენ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას, ყველა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს კითხვის ნიშანი, იმარჯვებს თუ არა საქართველოში დემოკრატია, ოპოზიცია და თავისუფალი აზრი, მიხვდება, რომ უკვე განაჩენი გამოტანილია", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.