მოლდოვაში, დღეს, 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის ევროპულ მომავალზე საკონსტიტუციო რეფერენდუმი მიმდინარეობს.
საპრეზიდენტო არჩევნებში რეკორდული რაოდენობა - 11 კანდიდატი მონაწილეობს.
მოლდოვის ამჟამინდელი პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ კანდიდატებს შორის ყველაზე პოპულარულია და იმედოვნებს, რომ ხელახლა აირჩევენ ქვეყნის პირველი პირის თანამდებობაზე.
საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო რეფერენდუმი იმართება.
მოლდოვის კანონმდებლობის მიხედვით, ეს ნიშნავს, რომ რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მოლდოვის ძირითადი კანონი ავტომატურად შეიცვლება. იგი გამოაცხადებს, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს.
ამომრჩევლებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას: „ეთანხმება თუ არა კონსტიტუციის შეცვლას, რათა მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანდეს?“ არსებობს ორი შესაძლო პასუხი - "დიახ" და "არა".