საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მის ქარტიას მხარს უჭერს.
„რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირება.
რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება.
პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა.
„დღეს, მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არა მხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის და სამოქმედო გეგმის, არამედ გამიმეორა ის, რომ როგორც კი დაინახავენ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.