საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ქვეყანა ახლანდელ სტატუს კვოს თუ შეინარჩუნებს, არ ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები იქნება, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
მისივე თქმით, პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში ევროინტეგრაციის მხრივ, შეგვიძლია, განსხვავებულ გზას ველოდოთ.
„რაც შეეხება საქართველოს, საქართველო არის დიდი საკითხი. საქართველოში კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება, რადგან ქართველი ხალხი ასევე იღებს გადაწყვეტილებას მიმართულებასთან დაკავშირებით. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ ახლანდელ სტატუს კვოს, არ ვფიქრობ, რომ ქვეყანას ექნება ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის შანსები. თუ პროევროპული ძალები მოიპოვებენ გამარჯვებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ველოდოთ განსხვავებულ გზას და ჩვენ ამას ძლიერ მივესალმებით“, – განაცხადა ნაუსედამ.