პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ სუს-ი ასპარეზზე იმიტომ გამოიყვანა, რომ ხალხი უფრო მეტად შეაშინოს, თუმცა ოპოზიციონერის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს აღარ წარმოადგენს იმ უწყებას, რომლისაც ხალხს ეშინია.
„ასპარეზზე შემოიყვანეს სუს-ი და რატომღაც ალბათ ჰგონიათ, რომ რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, ხალხს შეეშინდება უფრო მეტად და დაიჯერებს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ სუს-ის ხალხს აღარ ეშინია, იმიტომ, რომ ყველანაირი ავტორიტეტი დაუკარგეს, ივანიშვილის პირად სამსახურში ჩააყენეს. მე მრცხვენია მაგალითად, ამ განცხადებებს რომ ვუყურებ. საგამოძიებო უწყება ან მართლა პრევენციაზე უნდა მუშაობდეს, ან დამნაშავეს აკავებდეს, ან ბრალს უნდა აცხადებდეს, ანუ ჩვეულებრივი მრავალსერიანი სიუჟეტია, რასაც არჩეევნებამდე შემოგვთავაზებენ", - ამბობს მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომ „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები გეგმავენ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას, რომლებშიც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და გამოსახულება“.