ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სუს-ის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„ვერც ფარული ჩანაწერებით, ფაბრიკაციით, ცრუ ნარატივით, პირადობის ჩამორთმევის მცდელობით და ნებისმიერი სხვა წინასაარჩევნო ივანიშვილის ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ -„ტრიუკით“, ივანიშვილი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს გაკეთებული აქვს არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, უარს ეტყვიან სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ მოიტანა, ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში და ქართველი ხალხი ჩამოყალიბებულია, რომ ჩვენ გვჭირდება ცვლილებები იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ევროპული პერსპექტივა და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობის შანსი. შესაბამისად, ნებისმიერი ყველა სხვა ხრიკი, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თუ ფაბრიკაციით შექმნილი ჩანაწერები, პირადობების კონფისკაცია თუ სხვა, ვერ შეცვლის იმ საარჩევნო მარცხს, რომელიც ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე ელოდება.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად: „პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას“.