ივანიშვილი დღეს უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსულია, საქართველოს მომავალი კი ხართ თქვენ, როცა ჩავდივარ რეგიონებში და ხალხს ვხვდები, ვგრძნობ, რომ ქართველ ხალხს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს ევროპული კეთილდღეობის სასარგებლოდ, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა ლანჩხუთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განაცხადებით, გურიაში ყველაზე კარგად იგრძნობა ის უთანასწორობა და უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილის კორუმპირებულმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა.
"მივესალმები ლანჩხუთს, მივესალმები გურიას. სულ ცოტა დრო დარჩა გამარჯვებამდე და მინდა, მთელ საქართველოს გავაგონოთ გამარჯვების ხმა სწორედ აქედან, გურიიდან. ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს თქვენთან ერთად გურიაში ყოფნა, რადგან ჩემი ულამაზესი ბებია, უსაყვარლესი თინა ბებო სწორედ ლანჩხუთიდან, სოფელ ეწერიდან იყო. სწორედ აქ დაიბადა და გაიზარდა. ჩემი დიდი ბაბუა, თინა ბებოს მამა ალექსი ჭყონია კი კომუნისტებმა გადაასახლეს, გადასახლებაში დაიღუპა, მაგრამ ჩემი ბებიის უდრეკი ერთგულება, გაუტეხელობა, პრინციპულობა, მისი ღირებულებები, ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, რომ გურია მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოში არავის ესწავლება სამშობლოს, საქართველოს სიყვარული, არავის ესწავლება ის, რომ საქართველო, ჩვენი სამშობლო, არ იყიდება, არავის ესწავლება ის, რომ საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ასე რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს, რომ გურია მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ჩვენ გვეამაყება ქართველობა, ჩვენ გვეამაყება ჩვენი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლით, ერთიანობით, მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის, მე მჯერა, რომ ერთიანობით, 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, სადაც ივანიშვილმა ქართველი ხალხი ევროპულ კეთილდღეობასა და სიღატაკეში იზოლაციას შორის დააყენა, გურია, სამეგრელო, აჭარა, იმერეთი, ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისი, ყველა მხარე, საქართველოს თითოეული მოქალაქე აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, რადგან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ სწორედ ევროპაშია მაღალი პენსიები, ხელფასები, ღირსეული სიბერე და ლაღი ბავშვობა ჩვენი ბავშვების. ევროპაშია, მათ შორის, უსაფრთხოება, რომელზეც ისინი ასე ყალბად საუბრობენ, მათი ტყუილებით ისინი ამ არჩევნების შედეგს ვეღარ შეცვლიან, ამ არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. დღეს არ მინდა, ბევრი ვისაუბრო ივანიშვილზე, რადგან ივანიშვილი დღეს უკვე, საქართველოს პოლიტიკური წარსულია, საქართველოს მომავალი კი ხართ თქვენ, არის ერთიანობა, კოალიციური მთავრობა, დემოკრატია, სადაც არ კრძალავენ ოპოზიციას, არის თავისუფალი სიტყვა და არის კეთილდღეობა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, არის ეკონომიკა, რომელიც ხალხზე მუშაობს და არამხოლოდ ივანიშვილზე და მის კორუმპირებულ გარემოცვაზე. ეს უთანასწორობა და უსამართლობა ალბათ, ყველაზე კარგად ჩანს და იგრძნობა აქ, გურიაში, სადაც სოფლები და ქალაქები იცლება, იმიტომ რომ ადამიანები მიდიან იძულებით ემიგრაციაში, სადაც არ არსებობს მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები, ამ დრო კი ათეულობით კილომეტრის მოშორებით ბიძინა ივანიშვილი და მისი კორუმპირებული გარემოცვა ყოველდღიურად სწორედ ხალხის ხარჯზე მდიდრდება.
ეს უსამართლობა, ეს უთანასწორობა, ეს კორუფცია, სიღატაკე, ეს საერთაშორისო იზოლაცია, როცა საქართველოს მთავრობას ხელს აღარავინ ართმევს, სადაც შეხვედრებს უუქმებენ, სადაც საზღვარგარეთ თავი აქვს მოჭრილი მათი სახელით; ეს ყველაფერი ჩვენ უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე - ეს ეროვნული სირცხვილი, რასაც "ქართული ოცნება" ჰქვია და დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, როდესაც ჩავდივარ საქართველოს რეგიონებში და ხალხს ვხვდები პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში, დაბებში, დასახლებებში, თბილისში, რომ ქართველ ხალხს თავისი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს ევროპული კეთილდღეობისთვის, ასე რომ, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით ჩვენ მოვიტანთ ცვლილებებს ჩვენი ქვეყნისთვის, ერთიანობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს.
ნაციონალური მოძრაობა 12 წლის მანძილზე იყო ყოველთვის მთავარი ძალა, რომელიც ასხივებდა ცვლილებას, ასხივებდა წინააღმდეგობას, რომელიც ერთი წუთით არ უშინდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეპრესიებსა და შურისძიებას, თქვენ ხართ ყველაზე მებრძოლი, ყველაზე ერთგული ადამიანები, და სწორედ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა იქნება ახლაც ცვლილებების მთავარი ლოკომოტივი. ერთიანობით ვამარცხებთ ბიძინას, ერთიანობით ვათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც იდევნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს დაანახა, საქართველოს შეუძლია იყოს მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა, რომელმაც მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო ცვლილებები, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო რუკაზე დასვა და სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, და სახელმწიფოს აშენებისთვის დღეს მას ივანიშვილის რუსული რეჟიმი დევნის.
მაგრამ მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად, ერთიანობით, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას და ასევე, გავათავისუფლებთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ჩვენს ქვეყანას უმოკლეს დროში შევიყვანთ ევროკავშირში! გამარჯვებამდე დარჩა 10 დღე, ერთიანობით ვიმარჯვებთ!", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ