თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქალაქ ბათუმში აღვნიშნე და თქვენც მინდა იგივე გითხრათ ჩემო მეგრელებო და სვანებო – არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. ასევე არ გვექნებოდა არანაირი პროგრესი, რომ არა თქვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა, რომ არა ნდობა, რომელსაც ჩვენი გუნდი უპირობოდ ამართლებს ყველა მიმართულებით. ჩამოთვლილი მიღწევები და სამომავლო, უაღრესად საიმედო პროგნოზები „ქართული ოცნების“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია. 12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები. კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ. ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად – უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს.
სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ ნანატრი ოცნება – ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო. ამის ერთადერთი გზა კი ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატიებასა და ნდობის აღდგენაზე გადის. რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, არსებული რეალობა რამდენად ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. არაერთხელ ვისაუბრე, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხვედრაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს ისევე შეეწინააღმდეგება, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ამას, შერიგებასა და ნდობის აღდგენის შესახებ გაჟღერებული ნებისმიერი ინიციატივის საპასუხოდ არსებული მათი ისტერიული რეაქციები ადასტურებს.
ამის საპირისპიროდ, უცხო ინტერესების შესაბამისი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კვლავ ომში ექაჩება, რაც საქართველოს 2008 წელს ერთხელ უკვე დაატეხა თავს. ათობით ათას დევნილთან, ჩვენი გმირი მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაკარგულ სიცოცხლესა და დამატებითი ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა ქმედებებმა ქართველ და ოს თუ აფხაზ თანამოძმეებს შორის არსებული, გამთელებისკენ წასული იარა კიდევ უფრო გააღრმავა, შერიგების პროცესი კი დროში უფრო დაგვიანებული და რთული გახადა. ბიზნესის რეკეტის, დემონსტრაციების უმოწყალოდ დარბევის და ქუჩაში ახალგაზრდების უმიზეზოდ დახოცვის, ხალხის ხარჯზე კომფორტის მოწყობის, განსხვავებული აზრის დევნის, ციხეებში პატიმრების წამებისა და კიდევ უამრავი სხვა დანაშაულის მიუხედავად, უცხო ინტერესების შესაბამისად 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ქმედებები, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე დიდი ღალატია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინეს. არასამთავრობო ორგანიზაციებად და 4 პოლიტიკურ სუბიექტად გაშლილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას და საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას. ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის აღმოფხვრა, გრძელვადიანი სტაბილურობისა და სიმშვიდის მიღწევა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების პირობებშია შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობას არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის შეუძლია. დღეს არსებულ ვითარებაში კი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ სრული ოპოზიციური სპექტრის მონოპოლიზაციას ახერხებს, არჩევანი ომის, ნგრევისა და ქაოსის მსურველ „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ კი მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის გარანტ „ქართულ ოცნებას“ შორის გვაქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ, ამ პარტიას და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს კონსტიტუციით ავკრძალავთ, პარალელურად კი გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი ღალატისთვის სამართლებრივად მოუწევთ პასუხისგება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.