ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო შეხვედრაზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში არ არსებობს სფერო, რომლის მიმართულებითაც გარდამტეხ პროგრესს არ მივაღწიეთ. ეს არის ფაქტი და, რამდენადაც უნდა ეცადონ საპირისპიროს დამტკიცებას, ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავს. საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უკვე ისაუბრა იმ საკვანძო მიღწევებზე, რაც კონკრეტულად ამ რეგიონში გვაქვს და საქართველოში. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის პრემიერმა რამდენიმე დღის წინ, 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს რეალისტური გეგმები.
როდესაც ჩვენ მიერ გაკეთებულ საქმეებზე ვსაუბრობთ, ოპონენტები მყისვე პარალელური რეალობის შექმნას იწყებენ და მათი ცნობილი ხელწერით ცდილობენ, შენებას ნგრევა, ხოლო სიკეთეს ბოროტება დაარქვან, მაგრამ ვეღარაფერს ამბობენ მაშინ, როცა ჩვენ საქმეებს საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები თავიანთი რეიტინგებით ამყარებენ და ადასტურებენ. აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგზე გავამახვილე ყურადღება, რომელშიც საქართველო უპირობო ლიდერია და თქვენც მინდა გაგაცნოთ საქართველოს წარმატების საერთაშორისო დადასტურება.
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11-წლიანი პროგრესით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 11 წლიანი პროგრესით, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი ფრანგული ორგანიზაციის IPSOS-ის ანგარიში ქართულ სასამართლოსთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან. დაფიქსირებული შედეგი უფრო მაღალია, ვიდრე ევროპული ქვეყნების სასამართლოების საშუალო ნდობა, რაც დაახლოებით 55% შეადგენს. აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ საშუალო ევროპულზე მაღალია დღეს სასამართლოზე ნდობა ქართულ საზოგადოებაში.
ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. არადა კარგად გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც საკუთარ ჯიბეს, ისე უყურებდა. მათმა ბელადმა, მიხეილ სააკაშვილმა, რვა მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა საკუთარი ახირებების დასაკმაყოფილებლად და ეს სისხლის სამართლის საქმე ახლა იმ ქართულ სასამართლოში განიხილება, რომელმაც „იფსოსის“ მიერ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე – მესამე, ევროპაში კი – პირველ ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12-წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. 12 წელში რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა მსოფლიოს ყველა ქვეყნებს ვედრებით და საუკეთესო ხუთეულშია სიღარიბის შემცირების ნაწილში.
ეს ყველაფერი არის იმ პროგრესის ძალიან მცირე ჩამონათვალი, რასაც ჩვენმა ხელისუფლებამ თქვენი, ქართველი ხალხის გვერდში დგომით მიაღწია. სწორედ იმიტომ, რომ ქართული ოცნება ადგას სწორ გზას ყველა მიმართულებით, საქართველოს შესახებ სამომავლო პროგნოზიც ძალიან შთამბეჭდავია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში.
ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია – უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით, ეს უკვე მეორეა 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით საუკეთესოა. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი რომ დავამატოთ, იმიტომ, რომ 2029 წლამდე გააკეთა კვლევა სავალუტო ფონდმა, 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო მდიდარი ქვეყნების რიგში ჩაეწერება და ჩვენ ევროპაში არა ცალფეხზე და ხელგაწვდილი შევალთ, არამედ შევალთ თავაწეული და ამაყნი და გავხდებით ყველაზე წარმატებული გაერთიანებული ოჯახის წევრი. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას.
ქალაქ ბათუმში აღვნიშნე და თქვენც მინდა იგივე გითხრათ ჩემო მეგრელებო და სვანებო – არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. ასევე არ გვექნებოდა არანაირი პროგრესი, რომ არა თქვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა, რომ არა ნდობა, რომელსაც ჩვენი გუნდი უპირობოდ ამართლებს ყველა მიმართულებით. ჩამოთვლილი მიღწევები და სამომავლო, უაღრესად საიმედო პროგნოზები „ქართული ოცნების“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია. 12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები. კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ. ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად – უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს.
სწორედ მშვიდობა და ქვეყნის სწორი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს საფუძველი, რომ ავისრულოთ ნანატრი ოცნება – ისევ ერთიანი ვიხილოთ ჩვენი საქართველო. ამის ერთადერთი გზა კი ურთიერთშერიგებაზე, ურთიერთპატიებასა და ნდობის აღდგენაზე გადის. რა თქმა უნდა, ერთია ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები, თუმცა, უმნიშვნელოვანესია, არსებული რეალობა რამდენად ქმნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას. არაერთხელ ვისაუბრე, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების დინამიკურობის ფონზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა, ამისთვის სიფხიზლე და მზაობა გვმართებს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გახდება ტერიტორიული მოწყობა არსებულ რეალობასთან მოვიყვანოთ თანხვედრაში და ეს კონსტიტუციაში ავსახოთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გაიმარჯვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ამ ყველაფერს ისევე შეეწინააღმდეგება, როგორც ნებისმიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ამას, შერიგებასა და ნდობის აღდგენის შესახებ გაჟღერებული ნებისმიერი ინიციატივის საპასუხოდ არსებული მათი ისტერიული რეაქციები ადასტურებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.