სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას, რათა ეს მონაცემები შემდგომ გადაეგზავნოს მმართველ პარტიას. აღნიშნულ ფაქტს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ყოვლად ამორალურია.
„ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, ამორალური რამ, რომ სკოლებში არა მხოლოდ მასწავლებლებს ატერორებენ და აშანტაჟებენ საარჩევნო ინსტრუმენტებად მათი გამოყენების მიზნით, არამედ ახლა უკვე ცდილობენ, რომ ბავშვებიც საარჩევნო ინსტრუმენტებად გადააქციონ. ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რომელიც შეიძლება რომელიმე ხელისუფლებამ გააკეთოს ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე სწორედ იმავე ბავშვების მშობლებისგან, უფროსი დების თუ ძმებისგან, მეგობრებისგან „ქართული ოცნება“ ძალიან მწვავე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს არა საზოგადოების გაყოფაზე, სიძულვილის ენაზე, ბავშვების ინსტრუმენტალიზაციაზე, არამედ იმაზე ,რომ ბავშვებს საჯარო სკოლებში აღარ შიოდეთ, იმაზე რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს ბავშვების და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს და არა მხოლოდ და მხოლოდ ჯიბის და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.