ივანიშვილმა ანწუხელიძის, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას მკვლელებს ბოდიში მოუხადა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "პოლიტიკური ამბების" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გორში, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადება ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, როგორც ჯარისკაცებისთვის, ასევე პოლიციელებისა და მმართველი პარტიის თითოეული წევრისთვის შეურაცხმყოფელია.
„ყველაზე მეტად იქ მოცურდნენ, როდესაც გამოვიდა და ბოდიში მოიხადა. უნდა ნახო პოლიციელების რეაქცია როგორია, როგორი შეურაცხყოფილები არიან. ანწუხელიძის მწვალებლებს, ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას მკვლელებს ბოდიში მოუხადა. შეურაცხყოფილია ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი. თავადაც შეურაცხყოფილები არიან, უბრალოდ ვერავინ ვერ უბედავს იმის თქმა, რომ ეს რა საზიზღრობა თქვი. გენო პეტრიაშვილი რომ დარბის აქეთ-იქით, რომელიც რუსებმა გაიტაცეს, მით უფრო შეურაცხყოფილია", - ამბობს ელისაშვილი.