„უკრაინას შეუძლია, გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა და ჩვენი აზრით, უკრაინელები ამას იმსახურებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელები იმსახურებენ ნატო-ს წევრობას.
„უკრაინას შეუძლია, გახდეს ნატო-ს 33-ე წევრი ქვეყანა და ჩვენი აზრით, უკრაინელები ამას იმსახურებენ. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივები, ძირითადი პრიორიტეტები, რომლებსაც შეუძლია უკრაინის გაძლიერება და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, დღეს განვიხილეთ გამარჯვების გეგმის ელემენტები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერა თავად მოკავშირეებსაც სჭირდებათ.
„სწორედ ამიტომ ვართ ასე ერთგული უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან თქვენი უსაფრთხოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია და თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ასახავს ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს“, - განაცხადა მარკ რუტემ.
მან ასევე გაიხსენა, რომ მოკავშირეებმა უკვე გაუწიეს უკრაინას "უპრეცედენტო მხარდაჭერა" რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას აქვს სასწრაფო საჭიროებები და ჩვენ ვმუშაობთ, რათა გავაკეთოთ მეტი და უფრო სწრაფად. ბოლო რამდენიმე კვირაში რამდენიმე მოკავშირემ გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის ახალი კონტრიბუციებია დანიიდან, ლატვიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და რვა მილიარდ დოლარამდე დახმარება აშშ-დან. უკრაინის მხარდაჭერა და ჩვენი საკუთარი მარაგების შევსება ნიშნავს თავდაცვითი წარმოების გაზრდას და ეს იქნება ჩემი პრიორიტეტი“, – განაცხადა რუტემ.