უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბოლო ბირთვულ მუქარაზე და თქვა, რომ კრემლის ლიდერს უყვარს სიცოცხლე, მაგრამ არავინ იცის, რა არის მის თავში. ამის შესახებ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არავინ იცის, რა არის მის (პუტინის) თავში. მას შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ.
ან არა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ამას გააკეთებს. მე გიზიარებთ იმას რასაც ვფიქრობ. მაგრამ მე არ ვარ პუტინი, მადლობა ღმერთს. ზუსტად არ ვიცი.
რადგან ის ყოველთვის არ არის ადეკვატური. იმიტომ, რომ ნებისმიერ ადეკვატურ ადამიანს არ შეუძლია უბრალოდ ჩავიდეს უკრაინაში და გააკეთოს ის, რაც გააკეთა“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, პუტინს უყვარს თავისი სიცოცხლე, თავისი ცხოვრების წესი და ის, როგორ აკონტროლებს სხვების ცხოვრებას.
"დარწმუნებით შემიძლია ამის თქმა და ამიტომ ვფიქრობ, რომ მას უნდა ეშინოდეს ბირთვული იარაღის გამოყენების", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა
25 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ შეიცვალოს რუსეთის ბირთვული დოქტრინა და რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება შეეძლოს იმ შემთხვევაშიც, თუ მის საზღვარს მასობრივად გადაკვეთენ ფრთოსანი რაკეტები, დრონები და სხვა მფრინავი ობიექტები.