ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Golden Plate Award-ის დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. მომდევნო რამდენიმე თვე ომში გადამწყვეტი იქნება, რუსეთის ომში უკრაინისა და თითოეული თქვენგანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ რუსეთის ებრძვის თავად თავისუფლებას. ცოტა დრო გვაქვს იმის გასაგებად, როგორი იქნება შედეგი, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ეს შედეგი და არა რუსეთმა ან მისმა სისხლიანმა მოკავშირეებმა. ომში რამდენიმე მომდევნო თვე არ უნდა დავკარგოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ახსენა გამარჯვების გეგმა, რომელიც მან შეერთებულ შტატებში ჩაიტანა. ”მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას: პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს და ყველა ჩვენს გლობალურ პარტნიორს.
მე მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი საერთო მიღწევა თავისუფლებისთვის, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე თავისუფლების ხარჯზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „დღევანდელი სამყარო არ გვაძლევს საშუალებას დავკარგოთ არც ერთი ბრძოლა, როცა ერთ მხარეს არის თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ არასდროს ვისურვებდით ჩვენი შვილებისთვის“.