უნგრეთი აცხადებს, რომ განზრახული აქვს, უარი თქვას ევროკავშირის საიმიგრაციო წესების დაცვაზე. ამის შესახებ 18 სექტემბერს უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა იანოშ ბოკამ განაცხადა.
"არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების საჭირო", - წერს იანოშ ბოკა სოციალურ ქსელში. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ბუდაპეშტი მიმართავს ევროკომისიას, არ გაავრცელოს უნგრეთზე ევროკავშირში მოქმედი საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის თავშესაფრის წესები.
მანამდე, მსგავსი განზრახვა გააჟღერა ნიდერლანდების მთავრობამ. ნიდერლანდების უმსხივლესი პოპულისტური „თავისუფლების პარტიის“ (PVV) ლიდერმა ხეერტ ვილდერსმა განაცხადა, რომ „ეს არის ნიშანის იმისა, რომ ახალი ქარი უბერავს“.
თუმცა, მიუხედავად ბუდაპეშტისა და ამსტერდამის სურვილისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ინიციატივამ წარმატებას მიაღწიოს. უნგრეთისა და ნიდერლადების ევროკავშირის მიგრაციის სისტემიდან გამოსარიცხად საჭიროა გაერთიანების 27-ვე წევრის თანხმობა.
უნგრეთის მემარჯვენე პოპულისტური მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მეთაურობით, მრავალი წელია ახორციელებს ანტიმიგრანტულ პოლიტიკას და, შესაბამისად, მუდმივ კონფლიქტშია ევროკომისიასთან. ბუდაპეშტი ამჟამად უარს ამბობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დაწესებული 200 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდაზე თავშესაფრის შემზღუდავი პოლიტიკის გამო. ამიტომ ბრიუსელს სურს ამ თანხის გამოქვითვა უნგრეთისთვის ევროკავშირის მომავალი გადახდებიდან.