ისრაელის დაზვერვამ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ შეკვეთილი 5000 ტაივანურ პეიჯერში მცირე რაოდენობით ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩადო. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ლიბანის მასშტაბით ათასობით პეიჯერის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა დაახლოებით 3000, მათ შორის დაჯგუფების მებრძოლები და ირანის ელჩი ბეირუთში.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰეზბოლამ“ პირობა დადო, რომ შურს იძიებს ისრაელზე, რომლის სამხედრო პირებმაც აფეთქებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
რამდენიმე წყარომ განუცხადა Reuters-ს, რომ აფეთქების გეგმა მრავალი თვის განმავლობაში მუშავდებოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ლიბანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას ლიბანში პეიჯერების აფეთქების ფაქტი დაგმო. მედიის ინფორმაციით, ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მომხდარს „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებისას ლიბანში ირანის ელჩი მოჯთაბა ამანი მსუბუქად დაშავდა. ის ამჟამად საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.