"ბოდიში რისთვის, ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის?" - აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, თამაზ ნიკიტინის მეუღლე მარი სამუშია ივანიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.
"ბოდიში? - რისთვის ხალხო, ჩვენი ბიჭების ჩახოცვისთვის, ჩვენი ბიჭების უმოწყალოდ წამებისთვის?! ომის ვეტერანებს რა ვუთხრათ?! მადლობა უთხარით იმათ, რომ ცოცხლები გადარჩით თქო?!
ტყვედ ჩავარდილი ბიჭების წამებისთვის? (ჩვენი მხრიდან, წამების ერთი ფაქტი არ არსებობს) რომლებსაც დღემდე სიცოცხლე ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული?!
და ყველაზე მთავარი - ჩვენს შვილებს რა ვუთხრათ?! - მამაშენი ჩვენი ქვეყნის დაცვას კი შეეწირა, მაგრამ შენ ბოდიში გაქვს მოსახდელი თქო?!
ბოდიში ბიჭებო, რომ დღეს საფლავებში მშვიდად ვერ განისვენებთ" - წერს სამუშია.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.