უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მუშაობს მსოფლიო ლიდერებთან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების უფლებაზე და იმედოვნებს, რომ შეაჯამებს ამ მოლაპარაკებების შედეგებს აშშ-ის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონთან შეხვედრისას განიხილეს SAMP-T-ის სისტემების უკრაინისთვის მიწოდების საკითხი. ზელენსკის თქმით, ეს სისტემა უკრაინაში იქნება.
„ჩვენ ვსაუბრობთ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს დღე მოვახლოვოთ, ეს ძალიან ახლოსაა“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს და ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დღეს კი იტალიაში, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს შორის „ჯერ არ არის კონსენსუსი“ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„მახსოვს, როგორ ვმუშაობდი შესაბამისი იარაღის გამოყენებაზე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. მაშინაც არ იყო კონსენსუსი. მაგრამ მნიშვნელოვანია, იპოვო გასაღები, თუნდაც ერთი ქვეყნისთვის და მაშინ სხვებიც შეიძლება, მიჰყვნენ. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.