ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, პეკინში ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის (FOCAC) გახსნაზე, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გამოაცხადა პეკინის განზრახვა განახორციელოს ინვესტიციები აფრიკის ქვეყნებში 360 მილიარდი იუანის (50.8 მილიარდი დოლარი) ოდენობით.
დაგეგმილია, რომ უახლოეს სამ წელიწადში 210 მილიარდი იუანი (29.57 მილიარდი დოლარი) გაიცემა სესხების სახით, კიდევ 80 მილიარდი იუანი (11,2 მილიარდი დოლარი) სხვადასხვა სახის დახმარების სახით. საბოლოოდ, კიდევ 70 მილიარდი იუანის (9,8 მილიარდი დოლარი) ინვესტიციები ჩინური კომპანიების მიერ განხორციელდება.
პეკინის ინფორმაციით, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმს აფრიკის 50-მდე სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური დაესწრო. ფორუმის მთავარი თემებია ჩინეთსა და აფრიკის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგიის წყაროები, ასევე სამხედრო სექტორი.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი აპირებს აფრიკის ქვეყნებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვას, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარებას და ასევე აფრიკაში სამედიცინო პერსონალის გაგზავნას. ამავდროულად, პეკინი აპირებს ჩინეთის ბაზრის გახსნას აფრიკის სახელმწიფოებისთვის და მათთან სამომავლოდ საბაჟო გადასახადის გარეშე ვაჭრობას,
ფორუმზე სიტყვით გამოსვლიას, ძინპინმა გააკრიტიკა დასავლეთის როლი აფრიკის განვითარებაში.
"ყველა სახელმწიფოს უფლებაა ჩაერთოს მოდერნიზაციაში... დასავლური მოდერნიზაციის პროცესმა ბევრი ტკივილი მოუტანა მრავალ განვითარებად ქვეყანას", - თქვა მან.
მედიის ინფორმაციით, ფორუმის გახნის წინა საღამოს, არაფორმალურ ბანკეტზე ძინპინმა სტუმრებთან საუბრისას განაცხადა, რომ "ჩინეთი და აფრიკა XX საუკუნის შუა პერიოდიდან მხარდამხარ იბრძოდნენ იმპერიალიზმის, კოლონიალიზმისა და ჰეგემონიის წინააღმდეგ და მათ ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა იარონ განვითარების, აღორძინებისა და მოდერნიზაციის გზაზე".
თავის მხრივ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელიც ფორუმზე იყო მიწვეული, როგორც საპატიო სტუმარი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთსა და აფრიკას "შეიძლება გაეროს სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ" პარტნიორობის განვითარებაში. "საერთო მიზნებია მშვიდობა, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა", - დასძინა მან.