ულტრამემარჯვენე პარტიამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გაიმარჯვა გერმანიის რეგიონულ არჩევნებში.
პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AFD), რომელიც დაფუძნდა 2013 წელს ანტიმიგრაციული და ევროსკეპტიკური დღის წესრიგით, გერმანიის თიურინგიის რეგიონის არჩევნებში გაიმარჯვა.
თიურინგიის რეგიონში "ალტერნატივამ გერმანიისთვის" ხმათა 32,8% მიიღო, მას მოსდევს "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი" ხმათა 23,6 პროცენტით.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ულტრამემარჯვენე პარტიამ მოიპოვა ყველაზე მეტი მანდატი გერმანიის რეგიონულ პარლამენტში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
მიუხედავად გამარჯვებისა, მოსალოდნელია, რომ პარტია რეგიონული მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, რადგან კონკურენტი პარტიები გამორიცხავენ ულტრამემარჯვენეებთან თანამშრომლობას.
პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" შთამბეჭდავი შედეგები მიიღო გერმანიის საქსონიის რეგიონში. საქსონიის არჩევნებში ულტრამემარჯვენეები მეორე ადგილზე გავიდნენ ხმათა 30.6 პროცენტით. მას მცირედით უსწრებს "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტია, რომელმაც ხმების 31.9 პროცენტი მიიღო.
საქსონიის რეგიონს გერმანიის გაერთიანების შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატიული" პარტია მართავს. იგი არის მთავარი ოპოზიციური პარტია ფედერალურ დონეზე.
შედეგების გამოცხადების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას "ალტერნატიული გერმანიის" ლიდერმა თიურინგიაში ბიორნ ჰოკემ განაცხადა, რომ იგი სიამაყით არის აღსავსე. ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შენიშვნის საპასუხოდ, რომ პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობა გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს მიერ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება როგორც "მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება", ჰოკემ ბრაზით განაცხადა: "გთხოვთ, შეწყვიტოთ ჩემი სტიგმატიზება. ჩვენ ვართ ნომერ პირველი პარტია თიურინგიაში".
"თქვენ არ უნდა გინდოდეთ თიურინგიის ამომრჩეველთა მესამედის მემარჯვენე-ექსტრემისტებად კლასიფიცირება", - დასძინა მან.
თავად ჰოკე გაასამართლეს პოლიტიკურ ღონისძიებებზე ნაცისტური სლოგანების გამოყენების გამო. ამჟამად მას სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით აქვს გასაჩივრებული.