უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად აძევებენ რუსული ჯარის ნაწილებს ხარკოვის ოლქიდან.
„ველაპარაკე მთავარსარდალ სირსკის ხარკოვის ოლქში მიმდინარე ბრძოლებთან დაკავშირებით, ოკუპანტი ვერ დაიპყრობს ხარკოვს, ვერ დაიყრობს ჩვენს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მაისის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვზე შეტევის მცდელობის მოგერიება. ზელენსკიმ ხარკოვს "გმირული ქალაქი, ხალხისა და სიცოცხლის ქალაქი" უწოდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის კონტრშეტევის ადგილზე სტაბილიზაციის ღონისძიებები გრძელდება.
ბრიგადის პრეს-ოფიცერმა ოლექსანდრ ბოროდინმა განაცხადა, რომ ოპერაციის შედეგად საკმაოდ სერიოზულად განადგურდა რუსეთის ფედერაციის მე-20 არმიის პოზიციები და ლოგისტიკა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მესამე მოიერიშე კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას, ბოროდინმა უპასუხა, რომ ეს იყო "სინქრონული წარმატება"
მესამე მოიერიშე ბრიგადის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ მარცხის მიუხედავად, მათ შორის პირადი შემადგენლობის მხრივ, რუსეთის არმიას ჯერ კიდევ აქვს დიდი რეზერვები ამ მიმართულებით, მაგრამ ისინი შესაძლოა არაეფექტური იყოს ლოგისტიკის დამარცხების გამო.