პლატფორმას „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა, ამის შესახებ დღევანდელ ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, გაერთიანების მთავარი მოტივატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.
"პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც აღვნიშნე, მთავარი მოტივატორი იყო ჩვენი გამსხვილების, ჩვენი გაერთიანების და კვლავაც, მე მჯერა, დღევანდელი გამსხვილებით ის იქნება ძალიან ბედნიერი - ერთის მხრივ, კობა ნაყოფია, როგორც მან თქვა, მისი ძველი თანამებრძოლი და ძალიან კარგი მეგობარი შემოგვიერთდა.
მეორეს მხრივ, ევროპული საქართველო, რომელიც არის ევროპული, დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე შემოგვიერთდა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაძლიერება ჩვენი პოლიტიკური პლატფორმისთვის - ასე რომ, გავძლიერდეთ, გავმხნევდეთ, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ". - თქვა თინათინ ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ ის მზადყოფნას, ძალას და პერსპექტივას კოალიცია ერთიანობაში ხედავს.
"ვფიქრობ, რომ დღეს, ჩვენი ისტორიის ამ მომენტში, უფრო მაღალი ღირებულება არ გვაქვს, ვიდრე ეს არის ძალების გაერთიანებაა - იმ დემოკრატიული ძალების, რომელსაც შეუძლია გამარჯვება მოიტანოს საქართველოში.
მე ვფიქრობ, რომ ევროპული საქართველოს გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ჩემი ან რომელიმე სხვა ლიდერის გადაწყვეტილება, თუნდაც იმ მტკივნეული მომენტის შემდეგ, როდესაც მოხდა დაყოფა სულ ცოტა ხნის წინ - ვფიქრობ ევროპულმა საქართველომ გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა განაცხადა და ჩვენ ეს გავიარეთ ბევრჯერ, გვქონდა ყველასთან კონსულტაციები, აქვე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა პოტენციურ პარტნიორს ვისთანაც არსებობდა მოლაპარაკებები, მაგრამ ვნახეთ, რომ დღეს მზადყოფნა, ძალაც და პერსპექტივაც არის ძალიან დიდი ერთიანობაში - იმ გუნდში, იმ პარტნიორებთან, ვისთან ერთადაც არის დღეს ევროპული საქართველო ". - თქვა გიგი წერეთელმა.