უკრაინას შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე კანადის მიერ მიწოდებული ტანკები, ჯავშანტექნიკა და სხვა იარაღი.
ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. იუწყება CBC News.
კანადამ უკრაინას გადასცა რვა Leopard 2A4-ის ტიპის ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასობით საპატრულო ჯავშანტექნიკა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა M-777.
„უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადას არ აქვს გეოგრაფიული შეზღუდვები სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ“, - განაცხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრე-ენ პულენმა.
ამ დროისათვის უცნობია გამოიყენეს თუ არა უკრაინულმა დანაყოფებმა კანადური იარაღი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში.