შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, „როგორც კი გადაივლის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას რეგიონი, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები და დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიისა თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“.
„რომელიმე ქვეყანა თუკი უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში სხვა მდგომარეობაა, მოლდოვაში – სხვა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატიის, კორუფციის, ყველა თვალსაზრისით. ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს. რეალურად, ჩვენ გვაქვს თვისებრივი დაახლოების პროცესი.
შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომლებიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს გამოიხატება, მაგალითად, იმაში, რომ ამ სამი წლის განმავლობაში დაახლოებით ცხრა მილიარდით გავასწარით მოლდოვას ეკონომიკით. იცით, რომ ეკონომიკური ზრდა არის ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მათ შორის, გამჭვირვალობა ერთ-ერთი ევროპული ღირებულება, უფრო მკაფიოდ დაინერგა ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმალურად ვნერგავთ ევროპულ სტანდარტებს და მუდმივი პროგრესი გვაქვს ყველა თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ეს აუცილებლად დაფასდება. არის რაღაც პატარა თამაშები, ამ თამაშების გამო 2022 წელს არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ. ასეთი თამაშები თუ იქნება, წელს არა, მომავალ წელს მივიღებთ მოლაპარაკებებს, რაც არ არის პრინციპული იქიდან გამომდინარე, რომ, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების საკითხი, როგორც თემა, შანტაჟისთვისაც კი არ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს დიდი რისკები, საბოლოო ჯამში, მაინც გაიხსნება მოლაპარაკებები.
2030 წლისთვის თუკი ვინმე იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის. კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო დღეს არის ყველაზე დემოკრატიული, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოში ტარდება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, საქართველოში არის ბიზნესი ყველაზე მეტად თავისუფალი და ასე შემდეგ. კანდიდატ ქვეყნებს შორის კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანა არის საქართველო, ეს არის მთავარი და არა განცხადებები”, - განაცხადა კობახიძემ.